საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისა და ენმ-ს დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ახლა უკვე მთავარია ერთიანობა და ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიოყვანს.
“იმ პირობებშიც კი, როცა მე არ მომეცა საქართველოში ჩასვლის საშუალება, ოპოზიციამ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე, მათ შორის, ენმ-მ მოიგო თბილისი, მოიგო დიდი ქალაქები, და ეს მოხდა დაშინების, შანტაჟის პირობებში, ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ შევქმნათ ეროვნული ერთიანობის მთავრობა და შევძლოთ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.”
მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის არაა მთავარი თანამდებობა და იმის მიუხედავად, რომ ენმ-მ მოიპოვა ორჯერ და მეტჯერ მეტი ხმა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, ახლა მთავარია ერთიანი პოზიცია, რომელიც იმ პატარა პარტიებთან ერთად უნდა შემუშავდეს, რომლებსაც ასევე მისცა ამომრჩეველმა ხმა ივანიშვილის წინააღმდეგ.
“მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერმინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც.”
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი დამარცხებულია.
“ივანიშვილის სისტემა ჩამოშლილია, ივანიშვილი დამარცხებულია და ამ სიტუაციაში, ერთადერთი, რაც შეუძლია მას და მის მთავრობას, ეს არის ის, რომ მისცენ ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, ხოლო თუ დააპირებენ რაიმე საშინელების ჩადენას, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საჯარო პირებს და ხელისუფლების ცალკეული რგოლის წარმომადგენლებს არავინ შეეხება.
“ყველას შეუძლია წყნარად გააგრძელოს მუშაობა, არავინ არავის არ შეეხება. კი, წააგეს, მაგრამ არჩევნებში წაგებით ცხოვრება არ მთავრდება”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, სინამდვილეში ოპოზიციამ და ენმ-მ ბევრად მეტი ხმა აიღო, ვიდრე ეს ეგზიტპოლშია ნაჩვენები, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ საქართველომ თქვა თავისი სიტყვა და ეს სიტყვა იყო სრულიად ერთმნიშვნელოვანი – საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ Ipsos-ის მიერ “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 41%
- ნაციონალური მოძრაობა – 33%
- ევროპული საქართველო – 5%
- ლელო – 4%
- გირჩი – 3%
- სტრატეგია აღმაშენებლი – 3%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- მოქალაქეები – 1%