“არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა”

საქართველოს განათლების სამინისტრო 51-ე სკოლაში გაკეთებულ წარწერაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, მოზარდები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები”, – წერს უწყება.

სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მოზარდებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. გარდა ამისა, როგორც უწყება აღნიშნავს, მათთვის “უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share