ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში გარდაცვლილი მეთერთმეტე კლასელი გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხეს. პოლიცია გოგონას არასრულწლოვანი ძმის სახლიდან ჩუმად გაყვანას ცდილობდა, სავარაუდოდ ასევე დაკითხვის მიზნით, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია. მათ 17 წლის მოზარდის წაყვანის უფლება სამართალდამცველებს არ მისცეს.
თავად გარდაცვლილი ბათუმშის ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ გადასვენებული. ადგილზე კი, ექსპერტ კრიმინალისტების გარდა, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა რაიონული პროკურორიც, რომელიც პირადად ესწრებოდა მოწმეების დაკითხვას.
მოახერხეს თუ არა მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო საქმიანობის შედეგად რაიმე საეჭვო გარემოების აღმოჩენა, ამაზე ისინი ჟურნალისტებს არ პასუხობენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის: მეთერთმეტე კლასელმა გოგონამ, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიაშვი ცხოვრობდა, თავი დღეს დილით ბოსელში ჩამოიხრჩო.
როგორც გოგონას გამზრდელი ბებია ყვება, ის დილით სკოლაში არ წასულა, ეკლესიაში იყო, საიდანაც მალე დაბრუნდა და მოგვიანებით ის ბოსელში ნახეს ჩამომხრჩვალი.