(tabula) პრინცი ჰარის თქმით, ის ბევრ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა, რათა პრინცესა დიანას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი და სამეფო ოჯახში ცხოვრებით გამოწვეული წნეხი შეემსუბუქებინა.
ამის შესახებ მან ოპრა უინფრისთან მენტალური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი ინტერვიუების ფარგლებში ილაპარაკა.
პრინცი ჰარი ამბობს, რომ დედამისის გარდაცვალების დროს ის ბავშვი იყო და ამიტომ, ძალიან გაბრაზდა იმის გამო, რაც შეემთხვა. მან ასევე გაიხსენა 28 წლიდან 32 წლამდე პერიოდი და თქვა, რომ პანიკური შეტევები და შფოთვები ჰქონდა.
“28 წლიდან 32 წლამდე პერიოდი ჩემი ცხოვრების ცუდი სიზმარი იყო”, – თქვა მან.
პრინცესა დიანა ტრაგიკულ ავტოავარიაში 1997 წელს დაიღუპა, მაშინ პრინცი ჰარი 12 წლის იყო.
მისივე თქმით, ის საკუთარი უბედურების დასაფარად ბევრ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა.
“მე ერთი დღის განმავლობაში შემეძლო დამელია იმდენი, რამდენსაც ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში სვამენ. აღმოვაჩინე, რომ ვსვამდი არა იმიტომ, რომ ეს სიხარულს მანიჭებდა, არამედ რაღაცების შენიღბვას ვცდილობდი. მზად ვიყავი, დამელია, მზად ვიყავი, ნარკოტიკები მიმეღო, მზად ვიყავი, მეცადა ყველაფერი, რაც ჩემს მდგომარეობას შეამსუბუქებდა”. – უპასუხა პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრის.
ინტერვიუები სერიებად APPLE TV+-ზე გამოვა და ის მენტალური პრობლემების სტიგმის მოხსნას მიეძღვნება. რესპონდენტები იქნებიან ლედი გაგა, გლენ ქლოუზი და NBA-ს მოთამაშე, დემარ დეროზანი.