020-2021 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და მალე მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარიც დაირეკება; Etaloni.ge უკვე წერდა, რომ ბოლო ზარი არსებული რეგულაციების დაცვით უნდა ჩატარდეს, ხოლო რაც შეეხება სწავლის დასასრულის უცვლელ ტრადიციას – ბანკეტს, იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესის მიხედვით 10 პირზე მეტის თავშეყრა არ შეიძლება.
ეს რეგულაცია ადრეც იყო და ამიტომ საკმაოდ პოპულარული გახდა სახლების ქირაობა, თუმცა ახლახან, არსებული პროტოკოლის დარღვევისთვის სანქციები ისე გაიზარდა, საეჭვოა, რომელიმე მეპატრონეს კანონის გადახვევა უღირდეს.
ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, როგორ შეეცდებიან მე-12 კლასელები და მათი მშობლები, გვერდი აუარონ რეგულაციებს, რაიმე გზა გამონახონ და ბანკეტი თუ არა, ერთი კარგი „მოლხენა მაინც შერჩეთ ბავშვებს“.
ჰოდა, ისიც ფაქტია – გარკვეული საშუალებები უდავოდ არსებობს, რეგულაციების გვერდისავლით ღონისძიების მოსაწყობად – ადამიანმა თუ მოინდომა, მთებს გადადგამს… ჰოდა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ და შვილის ბანკეტის გადახდას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტთ, ჯიბეში ზედმეტი 4 000 ლარი ჩაიდეთ – 2000 თქვენთვის და 2000-იც თქვენი შვილისთვის, რადგან შეკრებილი საზოგადოების თითოეული წევრი ასეთ დროს, 2000 ლარით ჯარიმდება. სანქცია კი ეხება მშობელსაც, მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და დირექტორსაც, რაც საკმაოდ მსუყე ლუკმაა ბიუჯეტისთვის, თქვენი ჯიბისთვის კი – სერიოზული ზარალი.