„ან შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში“-„ოცნების“ დეპუტატი ენმ-ს აფრთხილებს

…,,სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ორი გზა არის – ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისევე დაიშლებიან, როგორც ეს „ევროპულ საქართველოს“ დაემართა,“ – განაცხადა დღეს, 22 მაისს, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ენმ თვის ბოლოს  მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის შეფასებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებული მსჯელობა უკვე მოსაბეზრებელია და ეს პარტიის ამომრჩველის ნდობაზეც იმოქმედებს.

,,ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში ყოფნა-არყოფნისა და შესვლა-არშესვლის დილემა მომაბეზრებელია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. ვხედავთ, როგორი განცხადებებია. ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ დროა ჩამოყალიბდნენ. პარტია არის, ჰყავს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა და უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს,“- აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხელი სააკაშვილთან  შიდაპარტიულ საკითხებზე შეხვედრა გამართა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share