„ვისურვებდი, რომ თამარ ჟვანია შეიცვალოს“ – სალომე სამადაშვილის რჩევა ენმ-ს

,,ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ,“- განაცხადა დღეს, 22 მაისს, ფრაქცია ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, პარლამენტარი სალომე სამადაშვილიმა.

,,ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, იცვლება ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საზოგადოებაში ცხადია, გაზრდის სანდოობას საარჩევნო სისტემის მიმართ. ვისურვებდი, ამ ცვლილებებში ასევე, შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ახალ სისტემაში მისი უფლებამოსილებები საკმარისად შეზღუდული იქნება, იმისთვის, რომ მან გადამწყვეტი ზეგავლენა ვერ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე, არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩართულობაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ როლზეც ამახვილებს ყურადღებას.

,,ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. ძალიან სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუმცა გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს,“- აცხადებს სამადაშვილი.

 

შეგახსენებთ: საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share