რა რისკების წინაშე დადგება ჯანდაცვის სექტორი ინდური შტამის გავრცელების შემთხვევაში

“ზაფხულში მობილობა გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება ვირუსმა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს” – სპეციალისტები ინდურ შტამზე
დღეს, 18:21

89

ვიდრე ლუგარის ლაბორატორია საეჭვო შემთხვევებს იკვლევს და გახდება ცნობილი, დაფიქსირდა თუ არა უკვე საქართველოში ე.წ. ინდური შტამი, სპეციალისტები საუბრობენ, თუ რა რისკების წინაშე დადგება ჯანდაცვის სექტორი ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, რომ სწრაფი გავრცელების შემთხვევაში საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება.

“საქართველოშიც – ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ვირუსის შემოსვლის შემთხვევაში თუ დაიწყება მისი სწრაფი გავრცელება და არ დავიცავთ ღონისძიებებს, მითუმეტეს, ახლა მესამე ტალღაა, საკმაოდ აქტიურად არის დაავადება გავრცელებული, ამ პერიოდში მისი [ინდური შტამის] გავრცელება თუ მოხდება, უფრო მაღალი იქნება მისი დამაზიანებელი უნარი,” – ამბობს ჩოკოშვილი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კი მიიჩნევს, რომ ზაფხული და ტურისტული სეზონი ახალი შტამების გავრცელების საფრთხეს ერთი-ორად ზრდის.

“გარდა იმისა, რომ სწრაფად ვრცელდება, ახლა არის ზაფხულის პერიოდი და მობილობა არის ძალიან დიდი. მობილობა გამოიწვევს იმას, რომ ვირუსმა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს, თუ საქართველომაც ტურისტული სეზონისთვის გახსნას საზღვარი, შეიძლება, კიდევ სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდეს ეს ვარიანტი. დაბალი იმუნური ფენა და ვაქცინაციის დაბალი მოცვა საფრთხეს ქმნის, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება,” – აცხადებს წერეთელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ლუგარი სწავლობს ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: