“ძალიან დამამცირებელია, როცა ჩვენი პედაგოგი, ინჟინერი თუ სხვა თავისი საქმის პროფესიონალი მიდის უცხო ქვეყანაში და ფეხებით ტალახში ჩამდგარი კაპიკეპზე მუშაობს იქ და ისეთ სამუშაოს ასრულებს, სადაც არ იმუშავებს არც პოლონელი, არც უკრაინელი და არც გერმანელი. მე მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ ოქტომბერში როცა ესენი წააგებენ რეფერენდუმს და ჩამოიშლებიან, აუცილებლად აშენდება ლაზიკა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდება სხვადასხვა სფეროში და აქ უნდა შევქმნათ შესაძლებლობა, რომ თვეში 600-700 ევრო აქაც მიიღონ ხალხმა თვეში უპრობლემოდ. ეს არაფერი არ არის. რამხელა ხელფასები იყო ტურისტულ ინდუსტრიებში წარმატებულ ობიექტებზე, ან საბანკო სექტორში, სანამ ლარი დაეცემოდა… მე არაფერს ისეთს არ ვამბობ რაც არ ვიცი და რაც არ გამიკეთებია. საქართველო არის გადასარჩენი, საქართველო გვეცლება ხელიდან, პაციენტი გვეცლება ხელიდან და მასთან ერთად ვიღუპებით ჩვენ ყველანი. ეს ხდება ჩვენს თვალწინ”- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონურ სამუშაოდ წასვლასა და მათ მძიმე მდგომარეობას, რაზეც ისინი თავად საუბრობენ.