“ამდენი საქმე გვაქვს და ვის სცალია” ნაციონალების კიწიკოწისთვის”

ნაციონალური მოძრაობის” პრობლემა ის არის, რომ ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარ პარტიას ხედავს. მე ისიც მიკვირს, რატომ არ შემოდიან პარლამენტში და ამ გამარჯვებას ჩვენთან ერთად რატომ არ იზიარებენ? ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ამასობაში “ქართული ოცნება” აქეთ იუსტიციის საბჭოზე რაღაც-რაღაცებს ცდილობს, იქით კანონპროექტებს აპარებს. ყოველდღე რამდენიმე დეპუტატი ვზივართ და გავდივართ ყველა კანონს, რომ “ოცნებამ” არაფერი გააპაროს. უნდა დავასრულოთ ეს დავა. დროულად შეუერთდნენ შეთანხმებას. ეს სასიკეთო იქნება ქვეყნისთვისაც და მათთვისაც, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი და რეგიონული განვითარების კომიტეტს გასვლითი სხდომა გვქონდა. სხდომას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. რაც მოვისმინე, ის არის, რომ არ არსებობს განვითარების სტრატეგია. მე და ხათუნა სამნიძემ შევძელით რამდენიმე საინტერესო საკითხზე შეთანხმება, რომლებიც ბათუმისა და აჭარის მოსახლეობამ დამაბარა. ერთ-ერთი პრობლემა თამბაქოს მწარმოებლებისთვის საგადასახადო ბიუროკრატიაა. შევთანხმდით, რომ უახლოეს ვადაში შევიმუშავებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელ გეგმას. მეორე პრობლემაა გზა, რომელიც გადათხრილია, მუშაობა ძალიან ნელა მიმდინარეობს. მესამე – მიწის რეგისტრაცია. პრობლემა აქვთ ტაქსის მძღოლებსაც. აჭარაში ტაქსების ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც მათ ბიზნესის წართმევას უპირებს. თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ ასეთი რამ არ მოხდება. რეგიონული განვითარება უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც ვაპირებ რეგიონებში ჩასვლას. აი, ამდენი საქმე გვაქვს და ვის სცალია “ნაციონალების” კიწიკოწისთვის?!-აცხადებს გიორგი ვაშაძე “კვირის პალიტრასთან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share