გურია გრანდიოზულ ფესტივალს უმასპინძლებს. ზაფხულში ლანჩხუთში ორდღიანი ფესტივალი იგეგმება. ორგანიზატორების განცხადებით, ივენთი ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასში მონაწილეობას ბენდები, დიჯეები, პერფორმერები, ინდივიდუალური შემსრულებლები, პოეტები მიიღებენ. პროექტი თავისი ხასიათითა და მასშტაბით რეგიონისთვის უპრეცედენტოა. კონკრეტულად რას შესთავაზებს სტუმრებს განსხვავებულსა და განსაკუთრებულს ODA FEST – ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ჯერი ძუარი გვესაუბრა:
– როგორ გაჩნდა ფესტივალის იდეა?
– იდეის გაჩენას ბევრი წინაპირობა ახლდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ აქამდეც ხშირად ვაწყობდით სხვადასხვა სახის ივენთს, რომელიც მცირე მასშტაბზე იყო გათვლილი და დაინტერესება იყო დიდი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ადამიანებს, ვაქცინის მსგავსად, სჭირდებათ მოშვება და განტვირთვა.
– რამდენად ხშირია ლანჩხუთში მსგავსი ღონისძიებები და რა მნიშვნელობა აქვს მათ გამართვას რეგიონისთვის?
– მსგავსი ღონისძიება ლანჩხუთში არასდროს გამართულა, არც მასშტაბურობით და არც ამ ფორმით. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე ივენთებს ხშირად ვაწყობდით როგორც ლიტერატურულს, ასევე მუსიკალურს. გარდა ამისა, იმართება სხვადასხვა სახის ტრადიციული და ბევრჯერ ნანახი კონცერტები, თუმცა ახალგაზრდობა დღეს სხვა სტანდარტს უკვეთავს და ჩვენც ვცდილობთ, რომ სწორედ ეს დაკვეთა შევასრულოთ.
– როგორი იქნება საფესტივალო პროგრამა და თუ საიდუმლო არ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას?
_ ამ ეტაპისთვის მხოლოდ მთავარი სცენის პირველი ნაწილი და თავისუფალი სცენა შემიძლია, გაგიზიაროთ – ფესტივალზე გვექნება სამი სცენა და გვეყოლება 40-ზე მეტი შემსრულებელი. გათვლა გავაკეთეთ შემდეგი კრიტერიუმით – პოპულარობა + ხარისხი, ამიტომ, გარწმუნებთ, ფესტივალის განმავლობაში თითოეული თქვენგანი აღმოაჩენს თავის საყვარელ შემსრულებელს, მუსიკოსს, მწერალს, რომელთა სახელებისა და გვარების ჩამოთვლისგან აქ თავს შევიკავებთ, რადგან თითქმის ყველა სახის ინფორმაცია დევს ჩვენს Fაცებოოკ-გვერდზე. რაც შეეხება მეორე ნაწილსა და ღამის სცენას, დაელოდეთ, საინტერესო სიურპრიზები გელით.
– რითი განსხვავდება ოდაფესტი მსგავსი სხვა ფესტივალებისგან და რას სთავაზობთ ახალს დაინტერესებულ პირებს?
– ოდაფესტი რამდენიმე მიმართულებას ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს. ასეთი მასშტაბის ფესტივალებს, ძირითადად, აქვთ ერთი მიმართულება აღებული, რაც საბოლოოდ გადატვირთვას იწვევს დამსწრე საზოგადოებისთვის. თაფლის ჭამით მიიღებ სიამოვნებას, მაგრამ ბევრს ვერ შეჭამ, ამიტომაც ჩვენ დავიჭირეთ ოქროს შუალედი, რომ არ გადაიტვირთონ ერთფეროვნებით ადამიანები და გაიხანგრძლივონ სიამოვნება.
– რამდენად დაინტერესდა ადგილობრივი ახალგაზრდობა ამ იდეით და არის თუ არა მათი ჩართულობა საორგანიზაციო საქმეებში?
– ახალგაზრდობის რეაქცია სასიხარულოა, მხოლოდ ის არ არის, რომ სურვილი აქვთ, ფესტივალზე მოვიდნენ. ყველა აღფრთოვანებით ხვდება და ყველა ცდილობს, დახმარება გაგვიწიოს – ზოგი ფიზიკურად გვეხმარება; ბევრი თავის იდეებს გვაწვდის და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ; ბევრი თავის გამოცდილებას გვიზიარებს, თუ რა მოეწონათ და რა – არა სხვადასხვა ფესტივალებიდან და ჩვენ ვისმენთ ამ ყველაფერს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო დავხვეწოთ თითოეული დეტალი. ბევრი გვიკავშირდება და გამოთქვამს სურვილს მოხალისედ ჩაერთოს ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში.
– ასეთი მასშტაბური ღონისძიების განსახორციელებლად საჭიროა დიდი ფინანსური რესურსი, თუ გყავთ სპონსორები და რამდენად გეხმარებათ ბიზნესი? სახელმწიფო?
– მნიშვნელოვანია ორივეს თანადგომა. ტერიტორიაზე, რომელიც არის “გურიის” საფეხბურთო ბაზა გრიგოლეთში, მერიამ სრულიად უსასყიდლოდ მოგვცა ფესტივალის ჩატარების უფლება. რამდენიმე მსხვილ ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკება და სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ, მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი, რაც დამოკიდებულია დროზე.
– პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გეგმავთ თუ არა, რომ ფესტივალს ტრადიციული სახე მისცეთ?
– ფესტივალს აუცილებლად მიეცემა ტრადიციული სახე და გახდება ყოველწლიური, რადგან ეს ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.
გენრი დოლიძე, www.area.ge.