დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აგვისტოში გლობალურად ისევ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს შესაძლოა, ახალი მუტირებული შტამების გამო მოხდეს.
„გლობალური პროგნოზი ასეთია, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სხვადასხვა ვაცინის 200 ათასი დოზაა.
„არსებული ეპიდსიტუაცია გლობალურად, ევროპაშიც და ჩვენთანაც ნელი ტემპით, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 1000-1200 შორის. მაისში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 4%-ზე ოდნავ მეტი. ეს ცოტა მეტია, ვიდრე აპრილში, ვიდრე მარტში ან თებერვალში, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე იანვარში, დეკემბერსა და ნოემბერში. აქედან გამომდინარე, ნელი ტემპით ჩვენ დაახლოებით ვიმეორებთ იგივე მრუდს, რაც არის გლობალურად და განსაკუთრებით, რაც არის ევროპაში. მოდის ზაფხული, დღეს მსჯელობა იყო იმ საკითხზე, რამდენად იძლევა ეპუდსიტუაცია საშუალებას, შემსუბუქებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის ტურიზმი, ადამიანების შემოსავლები, ამიტომ, ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ავირჩიოთ. ეს ოქროს შუალედი არის გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე, ძალიან დიდი სიფრთხილით და თანდათან ეკონომიკის გახსნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.