ბატონო იაგო, ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა – თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იაგო ხვიჩიას მიმართ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
პარლამენტმა “გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა.
როგორც წილოსანმა განაცხადა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ნათელი გახადა ის მავნე პრაქტიკა, როცა კაცი კანდიდატები წყვეტენ, როდის შეიყვანონ ქალები საარჩევნო სიაში და შემდეგ როდის ჩახსნან სიები ან ათქმევინონ დეპუტატობაზე უარი.
„გენდერული კვოტირების მიღების პროცესს ყველა საერთაშორისი პარტნიორი გულშემატკივრობდა. ეს ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა იყო, რაც ჩვენ განვახორციელეთ. თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა და პარტიებს მოუწოდა, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქვეყნის პროგრესისთვის ეკისრებათ. პასუხად იაგო ხვიჩიამ გენდერული კვოტირების თაობაზე კანონის რეგულაციას “იდიოტური“ უწოდა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სალომე მუჯირი მათი უახლოესი მეგობარია, ხოლო რეგულაცია იმიტომაც არის იდიოტური, რომ “გირჩმა“ მისთვის გვერდის ავლა შესძლო.
“რანაირად შესძლით, რომ „გირჩს იმ მიზნისთვის მიეღწია, რაც თქვენ კანონში არ ჩაგიდიათ?! რანაირად მოახერხეთ რომ ეს გზა დატოვეთ?!“ – განაცხადა ხვიჩიამ.
“გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქციაშვილი გახდეს.