“ერთი რა მოგვცა ამ დამოუკიდებლობამ” – ვინც საკითხს ამგვარად აყენებს…

„ერთი გამაგებინეთ, რა მოგვცა ამ დამოუკიდებლობამ” – ვინც საკითხს ამგვარად აყენებს, ის ღიად აღიარებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თავისთავად, ყოველგვარი „რა მოგვცას” გარეშე, მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის მზადაა იცხოვროს პოლიტიკურად კასტრირებულ, ვასალურ სახელმწიფოში, რომელიც მას „რაღაცას მისცემს”, ძვალს გადმოუგდებს.

საერთოდ ცნობილია, რომ დამოუკიდებლობისადმი ერთგულება ხალხის მხოლოდ იმ ნაწილს აქვს, ვინც ინტერესდება ქვეყნის ისტორიით. სწორედ ისტორიის ცოდნა, მისი გმირული ეპიზოდები აღვივებს ადამიანებში პატრიოტიზმს.

განა შემთხვევითი იყო 1950-იანი წლების ბოლოს საბჭოთა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საშუალო სკოლებში საქართველოს ისტორიის ნაცვლად სსრკ-ს ისტორიის სწავლების შემოღების თაობაზე? ეს იყო მზარდი ეროვნული მუხტის ჩახშობის მცდელობა. ან განა უცნაურია, რომ პუტინი ხვდება ისტორიის მასწავლებლებს და აცხადებს, რომ დღევანდელ სახელმძღვანელოებში დამახინჯებულია რუსეთის ისტორია, განსაკუთრებით მისი საბჭოთა პერიოდი. „სხვა ქვეყნებში უარესი ამბები ხდებოდა, ვიდრე სსრკ-ში”. მისი აზრით, ახალგაზრდები უნდა ამაყობდნენ თავიანთი წარსულით.

პუტინის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით ძნელი არ არის მიხვდე, როგორი გრძნობების გაღვივებას ცდილობს იგი რუს ახალგზრდებში. ამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა შემაშფოთებელი მოვლენის ფონზე დანაშაულებრივად მიამიტურად მივიჩნევ ზოგიერთი დასავლელი, კერძოდ, ბრიტანელი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე სპეციალისტის აზრს იმის შესახებ, რომ ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ პატრიოტიზმი, არ უნდა შთავუნერგოთ სიამაყე ქვეყნის წარსულის გმირული ამბებით, რადგან ყველა ქვეყნის ისტორიაში მოიძებნება სამარცხვინო ეპიზოდები, ისეთები, როგორც აფრიკელი მონებით ვაჭრობა, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და არაერთი სხვაა. იქნებ როდისღაც მართლაც დადგეს ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული”, მაგრამ დღეს ამგვარ მსოფლიოზე ოცნებაც კი ნაადრევია. შენ დაავადდები დამაჩლუნგებელი კოსმოპოლიტიზმით, სხვა განაციონალისტდება, დაგიპყრობს, გაგაქრობს და მერე იძახე მაინც მართალი ვიყავიო.

გელა ჩარკვიანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share