ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს

UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მედიამ, აპსნიპრესმა და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, “აფხაზეთის მომავალმა” გაავრცელეს.

ხაბიბი ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას მასტერკლასის ჩასატარებლად აპირებს. არსებული ინფორმაციით, ის ახალგაზრდებსა და მებრძოლთა კლუბის წევრებს შეხვდება. ღონისძიება აფხაზეთის დინამოს სტადიონზე არის დაგეგმილი, იქვე გაიმართება პლატფორმა “აფხაზეთის მომავლის” პრეზენტაცია. ე.წ. სახელმწიფო მედიის განცხადებით,
“ეროვნული პლატფორმის” მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობაა.

ხაბიბის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. მაშინ აპსნიპრესი წერდა, რომ ვიზიტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით, სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიგეგმებოდა და ნურმაგამედოვი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდა.

ცნობილია, რომ ნურმაგამედოვი ქართული ოცნების ლიდერთან, კახა კალაძესთან და პარტიის დამფუძნებლის შვილთან, მომღერალ ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მათ ნაცნობობას ადასტურებს ხაბიბის გამოგზავნილი საჩუქრები, რომელზეც ბერა და კალაძე წერდნენ: “მადლობა ძმაო”, “მადლობა ლეგენდავ”.

ახლო ურთიერთობას მოწმობს რამდენიმე თვის წინ კალაძის მიერ გამოქვეყნებული ინსტაგრამსთორიც, სადაც ჩანდა, რომ ის ნურმაგამედოვი, ბერა და რამდენიმე პირი ზუმში საუბრობდნენ. ამ ფოტომ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ნურმაგამედოვი საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.

 

აღსანიშნია ისიც, რომ სპორტსმენი საქართველოში უკვე არის ნამყოფი 2018 წელს. იმ შემთხვევაში თუ ის ოკუპირებულ რეგიონში ჩავა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო საქართველოში შემოსვლას რამდენიმე წლით ვეღარ შეძლებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: