დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

კოვიდინფიცირების გამო ტრამპი ამ დრომდე  უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა გუშინ Twitter-ზე დაპოსტა, რომ “თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ”. 

კლინიკადან გამოსვლისას მან პირბადე დემონსტრაციულად მოიხსნა და ხალხს ურჩია, არ შეეშინდეთ ვირუსის და ნუ მისცემენ COVID-19-ს დომინირების უფლებას.

ტრამპის მოწოდებებმა ბევრი უარყოფითი შეფასებაც დაიმსახურა. კრიტიკოსების აზრით, მიუღებელია ამერიკელებს უთხრა, თითქოს კორონავირუსი საშიში არ არის, რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება ინფიცირებით და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხალხი სამსახურს კარგავს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც. მოგვიანებით, 3 ოქტომბერს დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და თეთრი სახლის პრესმდივანსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share