ოჰაიოს შტატის მცხოვრებმა, 22 წლის ები ბაჯინსკმა 26 მაისს უცნაური ზარი მიიღო. როგორც აღმოჩნდა, კოვიდვაქცინის დოზის გაკეთების შემდეგ ოჰაიოს შტატის მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში აღმოჩნდა და იღბლიანი გამარჯვებულიც გახდა. ებიმ $1 მილიონი მოიგო.
გათამაშება, სახელად Vax-a-Million ოჰაიოს შტატმა ვაქცინაციის წასახალისებლად წამოიწყო. გათამაშებაში ვაქცინირებული ადამიანები ერთვებიან და მათ შორის ყოველ კვირას თითო გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშებაში მონაწილეობა ოჰაიოს იმ მცხოვრებლებს შეეძლოთ, რომელთაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდათ გაკეთებული. გათამაშებაში 3 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა იღბლიანი მათ შორის სწორედ ები აღმოჩნდა.
“ვაქცინა ჩემი სამედიცინო ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მარტივად ვიღებდი გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გამეკეთებინა შესაბამისი ვაქცინა. ყველას მოვუწოდებ, თავადაც აიცრან. თუ $1 მილიონის მოგება არაა საკმარისი, სხვა რა იქნება, არ ვიცი”, — განაცხადა ებიმ პრესკონფერენციაზე.
ებიმ ჯერ არ იცის, თანხას როგორ დახარჯავს, მაგრამ თანხის ნაწილის გამოყენებას ქველმოქმედებისთვის გეგმავს.
გათამაშება ცალკე ითვალისწინებს 12-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის კოლეჯში სწავლის დაფინანსებას. ამ მხრივ, ების გარდა, კიდევ ერთ მოქალაქეს გაუმართლა, რომელიც გათამაშების წყალობით ოჰაიოს ნებისმიერ კოლეჯში 4-წლიანი დაფინანსებით ისწავლის.