საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე – მამის დღე დაწესდეს.
ამის შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება ქუთაისის კერძო სკოლის „ღონე ქვეყნისას“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
მათი ვერსიით, ქვეყანაში მამის დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღის) მსგავსად უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.
„დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება.
მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს,“-ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი, ქვეყანაში მამის დღის დაწესების საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.