ლანჩხუთი ერთ კვირაში უკვე მეორე მოსწავლეს გლოვობს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თანაც ეს შემთხვევა ორი ოჯახის დიდი ტრაგედიაა _ მშობელი ოჯახის და სადაც მინდობით იზრდებოდა და მართლაც დედაშვილურ, ოჯახურ გარემოში უწევდა ცხოვრება.
“დილის თავზარდამცემი სიტყვებიდან ამ წამამდე ვფიქრობ, ანრი. მე შენ გხედავდი როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე, ჩემი სიმპატიური, კეთილი, ნებისმიერ წამს, როცა არ უნდა დამერეკა, ჩემთან ჩნდებოდი… დარწმუნებული ვარ, წარმატებული ცხოვრება გექნებოდა! ყველაფრის შეცვლა შეიძლება, ახალგაზრდებო! შეუძლებელი არაფერია! მხოლოდ ამ რეალობას ვეღარ შევცვლით, რასაც სიკვდილი ქვია. რატომ, ანრი, რატომ?” _ წერს სოციალურ ქსელში გამზრდელი ოჯახის ახლობელი, “კაფე ქეთოსთან” ხელმძღვანელი ქეთი წილოსანი
ლანჩხუთში კვირას მომხდარი შემზარავი ტრაგედია კიდევ უფრო მძიმეა იმ კუთხით, რომ გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი საკუთარ მშობლებთან არ იზრდებოდა. როგორც ირკვევა, ანრი და მისი შვიდი დედმამიშვილი რვა წელია მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ. დედ-მამას ბავშვები გაჭირვების მოტივით ჩამოართვეს.
შვილმკვდარი დედა დანარჩენი შვილების სახლში დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს ოჯახში ყოფნა სურდა. ანრი თურმანიძის დედის თქმით, ის შვილებს კარგად ექცეოდა და ფინანსურ დახმარებას მთლიანად ბავშვებს აძლევდა.
“ვითომ მე ბავშვებს ვცემდი, პირობებს არ ვუქმნიდი რაც ჭირდებოდათ, ვაშიმშილებდი, ქუჩა-ქუჩა ვამათხოვრებდი, ეგ არ ყოფილა არასდროს, რაც მქონდა საშუალება, ვაძლევდი ბავშვებს. შეიძლება ჩასაცმელს ვერ ვყიდულობდი, მაგრამ რაც შემეძლო, ბავშვებს ვაძლევდი. 1 წელი რჩებოდა, რომ 18 შესრულებოდა და მოვიდოდა სახლში, ჩემი შვილები დამიბრუნონ სახლში, ამას მოვითხოვ, მე მეცოდინება ჩემს შვილს რა სჭირდება, მე არ ვიცი, ჩემმა შვილმა რისთვის ჩამოიხრჩო თავი… ერთადერთი ეს ვიცი, რომ მოდიოდა, მთხოვდა: დე, სახლში მინდა” – ამბობს გარდაცვლილი ბიჭის დედა “ტვ-პირველთან” საუბრისას.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ და ბავშვებთან მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სოციალურ ქსელში კი წერენ, რომ გადასახედია პოლიტიკა _ გაჭირვების გამო, მშობლებს შვილები კი არ უნდა ჩამოართვან, არამედ სახელმწიფო ფინანსურად დაეხმაროს მათ.
დღეს ამ თემაზე სპეციალური რეპორტაჟი გავა „ტვ-პირველზე“ _ ამის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსიდან გახდა ცნობილი…
“გურია თუდეი”