“გულისტანი” და გაფიცული მუშები შეთანხმებასთან ახლოს არიან

შპს “გურია ექსპრესის” (“გულისტანი”) გაფიცული მუშები და კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცვიდან 30 დღეს შეთანხმებასთან ახლოს არიან და მათ შორის პროფკავშირების, გურიის გუბერნატორისა და ოზურგეთის მერის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა დღეს დასრულდეს.

როგორც “გურიის მოამბეს” “გურია ექსპრესის” ადვოკატმა, კაკო თოიძემ უთხრა მათი წინადადებაა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ანუ კომპანია ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს რაც გაფიცულებს ჰქონდათ:

“ჩვენ შევთავაზეთ ხელფასების მომატება 800 ლარამდე, 650 ლარიდან, რაც ეტაპობრივად მოხდება, რაც შეეხება სამუშაოპირობების გაუმჯობესება, ამაზე მუშაობა გაფიცვის პირველივე დღიდან დაიწყო. ახლა ველოდებით პასუხს, წუხელ უნდა მიგვეღო პასუხი თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღია” – გვითხრა თოიძემ.

“დიახ იყო ეს წინადადება, ახლა კომპანიის ადმინისტრაციასთან პროფკავშირები აზუსტებს პირობებს, სავარაუდოდ დავთანხმდებით, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ეს დანაპირები, ხელფასების მატება ხელშეკრულებით უნდა იყოს დადასტურებული, რის შემდეგაც ალბათ დავუბრუნდებით სამუშაოს, თუმცა არ მინდა ვიჩქარო ვნახოთ.” – გვითხრა ერთ ერთმა გაფიცულმა მუშამ.

ცნობისათვის: დღეს 30 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც „გულისტანის“ რამოდენიმე ათეული მუშა გაიფიცა.

მუშები კომპანიისგან ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნასა და ხელფასის მატებას მოითხოვენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share