ნურმაგომედოვმა სოხუმში ვიზიტი გააუქმა – მიზეზად აშშ-ის და საქართველოს ზეწოლა დასახელდა

საქართველოს და აშშ-ის ზეწოლის გამო, რომელიც სანქციების შესაძლო დაწესებას – რაც ვიზის და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმებასა და სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვას მოიცავდა – გულისხმობდა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა აფხაზეთში 1 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ განცხადება ნურმაგომედოვის მენეჯერმა, რიზვან მაგომედოვმა გააკეთა, იუწყება ekhokavkaza.com.

ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სოხუმში სტუმრობას და დინამოს სტადიონზე მასტერკლასის ჩატარებას გეგმავდა.

“ხაბიბ ნურმაგომედოვმა აფხაზებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ინტერესისა და მხარდაჭერისთვის და წუხს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სოხუმში ჩასვლას ვერ ახერხებს”, – დაამატა სპორტსმენის მენეჯერმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სახელობის სკოლა აფხაზეთიდან ახალგაზრდა სპორტსმენებს მიიღებს და რუსეთში გასამართი ტურნირებისთვის მოამზადებს.

სოხუმში რუსეთის ტერიტორიიდან ჩასვლის შემთხვევაში, ნურმაგომედოვი დაარღვევდა კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისს შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სპეციალური ნებართვითაა დასაშვები. ასეთი ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ის ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share