წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებს რამდენიმე წელია ელოდებიან. კუთვნილი მედლები ჯერ არ მიუღიათ 2018-2019-2020 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
აპრილში გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შემდგომ, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც მედლები წარჩინებულმა მოსწავლეებმა 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მიიღონ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ წარმოდენილ დოკუმენტებში განმარტა, რომ ტენდერის უშედეგოდ დასრულება დაბალმა სავარაუდო ღირებულებამ და ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია. არ შემდგარი ტენდერის გამო სააგენტომ ახალი ტენდერი გაზრდილი თანხით გამოაცხადა.
ბიუჯეტი 57 695 ლარით გაიზარდა და 333 345 ლარი შეადგინა. წინა ტენდერის მიხედვით მედლების შესყიდვისთვის 275 650 ლარი იყო გამოყოფილი.
სააგენტო, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის 8 735 მედლისა და ჩასადები ყუთის შეძენას გეგმავს, საიდანაც 6 622 ცალი ოქროს, ხოლო 2 113 ვერცხლის იქნება.
„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები უნდა გადაეცეთ 2021 წლის 01 სექტემბრამდე. ამდენად, წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის ღონისძიებაა და ამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში, შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი შესყიდვის პროცედურა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში“, – აღნიშნავს სააგენტო.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ESIDA-მ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები, სავარაუდოდ, უკანონოდ გაასაჯაროვა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გამარტივებული ტენდერის ჩასატარებლად წარმოდგენილ დოკუმენტებში ატვირთული აქვს იმ წარჩინებული მოსწავლეების ვინაობა, რომლებსაც ოქროს და ვერცხლის მედლები უნდა გადაეცეთ.
საჯარო დოკუმენტში მითითებულია, მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სკოლა, რომელშიც სწავლობს კურსდამთავრებული. აღნიშნული ინფორმაციის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის უხეში დარღვევაა.
წყარო: “ეტალონი”