მაისის თვეში 37 წლის მანიელ ორტეგამ და 36 წლის ბორხა ველასკესმა კაბაში გამოწყობილებმა დაიწყეს სიარული ვალიადოლიდის სკოლაში, სადაც ისინი მუშაობენ. საბაბი, ამჯერად, ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი გახდა — ბიჭი, რომელსაც ზედა ეცვა ანიმეს პერსონაჟებით, ბულინგის და ჰომოფობიური დამოკიდებულებების სამიზნედ იქცა.
ორტეგამ და ველასკესმა, კაბების ჩაცმასთან ერთად, მოსწავლეებში ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტეს.
მასწავლებლებმა ბავშვებს უთხრეს, რომ შეხედულებები, რომლებიც სხვებისგან მოუსმენიათ, შესაძლოა, არასწორი იყოს. ველასკესის თქმით, მან საკუთარ მოსწავლეებს აუხსნა, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები სხვებს გულს სტკენს და ეს უნდა შეიცვალოს.
სწავლების ნაწილი იყო ცნობიერების ამაღლება სტერეოტიპებზეც. მასწავლებლებმა ბავშვებს ისიც აუხსნეს, რომ ნორმალურია, თუკი ბიჭებს სამზარეულოში ტრიალი ან გრძელი თმის ტარება მოსწონთ, ამასთან, გოგოების ფეხბურთისადმი სიყვარულსა და მოკლე თმის ტარებაშიც არაფერია უჩვეულო.
მოძრაობამ “სამოსს სქესი არ აქვს” გასულ წელს მთელი ესპანეთი მოიცვა.
ფოტო: haaysssss
ფოტო: Crokismc
სკოლიდან გარიცხული მოსწავლე 15 წლის მიკელ გომესია, რომელმაც ინციდენტის შესახებ ტიკტოკზე გამოქვეყნებულ საკუთარ ვიდეოში ისაუბრა.
მისი თქმით, ერთ დღეს, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ შარვლის გარედან კაბა ჩაეცვა. თუმცა, სკოლაში მისვლის შემდეგ “დასცხა”, ამიტომ შარვალი გაიხადა და მხოლოდ კაბით შევიდა გაკვეთილზე. მოგვიანებით, იგი მათემატიკის გაკვეთილიდან გაიყვანეს და ფსიქოლოგთან გაუშვეს, რომელმაც ჰკითხა, “კარგად თუ იყო”.
ესპანური მედიაგამოცემების ცნობით, გომესმა ამგვარად ფემინისტებისა და ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, ეცადა, ბულინგზე აემაღლებინა ცნობიერება, თუმცა, თავად იქცა ჩაგვრის მსხვერპლად.
ფოტო: carlotaafdezz
მომხდარის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, ესპანეთში უამრავმა მოსწავლე ბიჭმა და მასწავლებელმა კაცმა გადაწყვიტა, გომესისადმი მხარდაჭერის ნიშნად და სტერეოტიპების დასამსხვრევად თავადაც ჩაეცვათ კაბები. მოძრაობამ იმდენად მასშტაბური სახე შეიძინა, რომ ესპანეთში ის განათლების სფეროს რამდენიმე წარმომადგენლისა და მშობლის კრიტიკის ობიექტიც კი გახდა.
https://on.ge/s