გაყალბება უნამუსო “ნაციონალების” ხელწერაა”- ვოლსკი არჩევნების შედეგებზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არჩევნების გაყალბებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს “წინა ხელისუფლების ხელწერაა”.

ვოლსკის თქმით, ოცნებას რომ გაყალბება სდომოდა, ის და მისი თანაგუნდელები მაჟორიტარულ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდნენ.

“ვინმეს რომ სდომოდა გაყალბება, 0.7% დააკლდა ერთ დეპუტატს და 500-მდე ხმა დამაკლდა იმაში, რომ 50% გადამელახა. ის ხელწერა, რაც მაგ უნამუსო ხალხს ჰქონდა თავის დროზე, ეს რომ იყოს ჩვენი ხელწერა, ვინ შეედავებოდა მაგალითად საბურთალოზე რომ ყოფილიყო ჩაწერილი სერგეენკოს გამარჯვება. ვინ შეედავებოდა? ათასობით ადამიანი სიკვდილის ლოგინიდან ააყენა და გაატარა, სიცოცხლე გადაურჩინა. სხვებზე აღარ ვლაპარაკობ”, – განაცხადა ვოლსკიმ იმედის ეთერში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო, რადგან 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. წინასწარი მონაცემებით შედეგები ასეთია: გია ვოლსკი, ქართული ოცნება – 42,69% (29 414 ხმა); ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი – 21,09% (14 529 ხმა); ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 20,96% (14 438 ხმა).

რაც შეეხება არჩევნების პროპორციულ ნაწილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დათვლილია ხმების 100% (3 847 უბანი). წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 48,15%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.14%; ევროპული საქართველო – 3.78%; პატრიოტთა ალიანსი – 3.14%; ლელო – 3,15%; სტრატეგია აღმაშენებელი – 3,15%; გირჩი – 2,89%; ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,33%; ლეიბორისტული პარტია – 1%.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ შეძახილებით “წადი! წადი!” მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share