“ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია”-მთავრობა კვლევებს აქვეყნებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული:

“ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა.

2007-2019 წლებში ოთხი სხვადასხვა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ნამახვანჰესის პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები განხორციელდა. მათგან სამი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული სექტორის შეფასება და სამომავლო გეგმების შემუშავება, მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ახალი გენერაციის ობიექტების აშენების მიზანშეზონილობის დადგენა, ხოლო მეოთხე კვლევა არის პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებლის შეფასება, რომელიც ნამახვანი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნაწილია.

1. 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით “საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა. კვლევა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა, რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.

2. 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ, სს „ნამახვანის“ დაკვეთით მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს. კვლევის თანახმად, “რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება ქვეყნისა და რეგიონისათვის გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ვიდრე პროექტის არაქმედების ალტერნატივა…“

3. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადდა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი. მასში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მოხმარების ზრდაზე. აღნიშნული დოკუმეტის მიხედვით, საშუალო წლიური ზრდა 2030 წლამდე შეადგენს 4,6%-ს და მიაღწევს 21,4 ტერავტ-ს (ცნობისთვის 2020 წელს მოხმარება შეადგენდა 12,4 ტვტ-ს). ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვას და რაც მთავარია, კვლევაში მოცემულია მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის გზები, რაც გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას. ნამახვანი ჰესი, აღნიშნულ კვლევაში მოხსენიებულია როგორც ეკონომიკურად გამართლებული ენერგოობიექტი. კონსულტანტის დასკვნის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ენერგეტიკულ – ეკონომიკურ მოდელირებას, ნამახვანი ჰესის Levelized Cost of Energy (LCOE) სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, პროექტის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები, კონსულტანტის აზრით, სხვა პროექტებთან შედარებით არ წარმოადგენს დამატებით მძიმე ფისკალურ ტვირთს.

4. 2019 წლის იანვარში ნამახვანი ჰესის პროექტის ანალიზი ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-ს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაკვეთით მომზადებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი ე.წ. least-cost (მინიმალური დანახარჯების) მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია ნამახვანი ჰესის აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.

დასასრულს, საქართველოს მთავრობის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა 2.5 წლიანი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა. კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული.

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: