“Novavax-ს აქვს ეფექტი, რომელიც უტოლდება Pfizer-ს და უსაფრთხოებით სჯობს ყველას”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “რუსთავი 2-თან” დეტალურად განმარტავს ჯანმოს მიერ ავტორიზებული თითოეული ვაქცინის ეფექტურობას და მათ შემცველობას.

თენგიზ ცერცვაძე ამერიკული წარმოების Novavax-ის ეფექტურობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთი საუკეთესოა უკვე არსებულ ვაქცინებს შორის და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ აღნიშნული პრეპარატი იმუნიზაციის პროცესში ჩაეშვება.

“Novavax დამზადებულია გამორჩეული ტექნოლოგიით. სულ 5 ძირითადი ტექნილოგია არსებობს. 2 ტექნოლოგია, ეს არის ე.წ. RNM ვაქცინები, გენეტიკური ვაქცინები, რომელსაც მიეკუთვნება – Pfizer, Moderna, Johnson&Johnson და AstraZeneca, სადაც ადამიანის ორგანიზმში შეგვყავს არა ვირუსის ცილა, არამედ RNM.

Pfizer-ს RNM შეჰყავს შეფუთული გარკვეულ ნივთიერებებში.

Johnson&Johnson-სა და AstraZeneca-ს სხვა ვირუსის, ადენოვირუსის საშუალებით, რომელიც უწყინარია.

RNM -ი ჯერ ორგანიზმს ასწავლის როგორ გამოიმუშავოს COVID ვირუსის ე.წ. წვეტის ცილა და ამ თვითონ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ცილაზე, შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდება.

დანარჩენი 2 მეთოდი არის ჩინური, ტრადიციული, როდესაც შეჰყავთ ან შესუსტებული ვაქცინა, ან ინაქტივირებული (დახოცილი) ვაქცინა. ეს არის Sinopharm და Sinovac. ერთნაირი მეთოდიკაა. ეს ვაქცინები შედარებით ნაკლები ეფექტურობით გამოირჩევიან. თუ Pfizer იძლევა 95%-იან დაცვას, Sinopharm და Sinovac იძლევა 79%, მაგრამ არიან უფრო უსაფრთხო, რადგან ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული და არ შეიცავენ RNM-ს.

Novavax-ს კი აღებული აქვს ორივე ამ ტექნილოგიიდან საუკეთესო. პირველი – მას არ შეჰყავს დახოცილი ვირუსი, ანუ მთლიანად ვირუსი თავისი უსარგებლო კომპონენტებით და მეორე მხრივ, არ შეჰყავს RNM-ი. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ტყუილად, მაგრამ აქვს ფრთხილი დამოკიდებულება. Novavax ვირუსიდან იღებს მხოლოდ იმ ცილას, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტის გამომუშავებაზე და სუფთა ცილა სპეციალური ტექნოლოგიით შეჰყავს ადამიანის ორგანიზმში. ეს უზრუნველყოფს მინიმალურ გვერდით მოვლენებს. პრაქტიკულად, Novavax-ს გვერდითი მოვლენები არ ექნება, დაახლოებით ისე, როგორც გრიპის ვაქცინას. Novavax-ის ტექნოლოგიით დღეს მზადდება გრიპის ვაქცინა და Novavax-ს აქვს ეფექტი, რომელიც უტოლდება Pfizer-ს და უსაფრთხოებით სჯობს ყველას,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: