ქართული ოცნების ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტით, ნაციონალური მოძრაობა სხვა ბარიერგადალახურ პარტიებს პოლიტიკურად აშანტაჟებს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ ნაც.მოძრაობის პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში.
ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ ნაციონალური მოძრაობის მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ.
ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი”, – ამბობს თალაკვაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ისი მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან იტანამშრომლონ ახალ პარლამენტში.
“მზად ვართ მშვიდი, საქმიანი პოლიტიკისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ შეძახილებით “წადი! წადი!” მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.