ნაბეღლავში შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს კომპანიამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

ეს ინფორმაცია კომპანიის სადისტრიბუციო ქსელმა შპს „ენგადი“ მ გაავრცელა

“სადისტრიბუციო კომპანია შპს „ენგადი“ საქართველოს მასშტაბით მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.

ამ ხნის მანძილზე კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია, დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში სავაჭრო ობიექტების მომარაგება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, ხოლო თბილისში კომპანია დისტრიბუციას საკუთარი ძალებით ახერხებდა.

დღეიდან კი ოჯახურ გარემოში ჩატარებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით 100%-ით აღდგება.

გვინდა მადლობა მოვახსენოთ ჩვენს თანამშრომლებს ნდობისათვის და ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას მოთმინებისა და ერთგულებისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.

„ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ მძღოლების გაფიცვა კომპანიის ადმინისტრაციასთან მორიგებით დასრულდა. მათ ხელფასების მომატებისა და საბონუსე სისტემის ლიმიტების გაზრდის ოფიციალური პირობა მიიღეს.

კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში დასაქმებულებს ქუთაისსა და თბილისში ხელფასი 650 ლარიდან 900 ლარამდე გაეზარდათ, ამას გარდა კი, 200-ლარიანის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის საბონუსე სისტემა დაინერგა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა გასულ თვეში დაიწყო.

გაფიცულები,  დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებდნენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.

გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24, ხანაც 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ზეგანაკვეთური შრომის, დღისა და ღამის საათების შესაბამისი ანაზღაურება კი კომპანიაში არ არსებობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share