ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ხალხი არჩევნების შედეგებს არ ცნობს, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.
როგორც ჟორჟოლიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მოსახლეობა არჩევნების წართმევას არ პატიობს.
“მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები. რატომ არის ეს აუცილებელი?
ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის.
ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად აფეთქდებიან. სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.
ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს.
ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები”, – წერს ჟორჟოლიანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილია ხმების 100% (3 847 უბანი). წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 48,15%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.14%; ევროპული საქართველო – 3.78%; პატრიოტთა ალიანსი – 3.14%; ლელო – 3,15%; სტრატეგია აღმაშენებელი – 3,15%; გირჩი – 2,89%; ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,33%; ლეიბორისტული პარტია – 1%.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.