“ევროპული საქართველო” უარს ამბობს საპრალამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ბრიფინგი ამ წუთებში პარტიის ოფისში იმართება.
“არჩევნები, სადაც პარტიული სახელმწიფო იყო ჩართული, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. “ევროპული საქართველო” უარს ამბობს მანდატებზე, “ევროპული საქართველო” უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და არც მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას”, – ამბობს დავით ბაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს მთავარი ოპოზიციური ძალა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ: “ლელო საქართველოსთვის”, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლეიბორისტული” პარტია.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” გავიდა, მეორეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – “ევროპული საქართველო”.
- ცესკოს საბოლოო მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება;
- ცესკოს საბოლოო მონაცემებით რეგიონების 8 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 45.8% აიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 26.4%, “ევროპულმა საქართველომ” კი 3.7%