ფორმულას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში შსს შევიდა

ფორმულას ინფორმაციით, ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს უწყება ბავშვთა პანსიონში.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან “ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ”.

“იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში”, –  ყვება ის.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოიყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: