დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტთან მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც სწორედ ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს. ეს არის „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი, რომელთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტარმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებული ფორმატია.
„ეს პარტიათაშორისი დიალოგია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნის პარლამენტისთვისაა განკუთვნილი, რომელთანაც ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს. ანალოგიური დიალოგის წარმართვის გამოცდილება გვაქვს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის რადასთან და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა სერბეთშიც. მე ვიქნები ამ დიალოგის ხელმძღვანელი, რადგან ევროპარლამენტში გახლავართ საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერის ჯგუფის წამყვანი წევრი. თუმცა, მარტო არ ვიმუშავებ ჩამოვაყალიბებ სამუშაო ჯგუფს, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებისგან, რომლებიც მხარს დამიჭერენ, ვიმუშავებთ ერთ გუნდში და ჩვენ ერთად ჩავატარებთ ამ დიალოგს. ამასთან, ჩვენ გვეყოლება ძლიერი დანაყოფი ევროპარლამენტიდან, რომელსაც ექნება ყველა ინსტრუმენტი, რათა „ჟან მონეს დიალოგის“ შესაძლებლობების განვითარება მოხდეს, ასევე ევროპარლამენტის ადმინისტრაციის წევრები, რომელთაც ასევე აქვთ ამ დიალოგის წარმართვის გამოცდილება და აქვთ შემუშავებული შესაბამისი პროცედურები. ისინი დაუკავშირდებიან საქართველოს პარლამენტს და ერთობლივად იმუშავებენ, როგორც ეს მანამდე სხვა ქვეყნების პარლამენტში მოხერხდა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.