პირბადის გამოუყენებლობის გამო, გასულ 24 საათში, 380 პირი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, რაც იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს, 44 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 380 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 93 ფაქტი გამოვლინდა, – წერს შსს.

ცნობისთვის, დღეისათვის, იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევის გამო ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირის კი 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა კი 40 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share