„უკვე სხვა პოლიტიკური ველი შეიქმნა, ახლა უკვე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი იძულებულია პარლამენტში შევიდეს. თქვენ კარგად იცით პოზიციების ცვლილება არ არის ჩემი ინტერესი, უბრალოდ რეალურად სხვა ველი შეიქმნა“, – აღნიშნული განცხადება პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა CNews-სთან საუბრისას გააკეთა.
ჩარკვიანის თქმით, თავისმა ამომრჩეველმა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ღიად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აწარმოა, პარლამენტში შესვლა მოთხოვა.
„ჩემმა ამომრჩევლებმა გამოკითხვის შემდეგ, პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვნად მითხრეს, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში იმიტომ, რომ სხვა საბრძოლო ველია, თორემ, ეს ადამინები ორი კვირის უკან ცალსახად აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში“. ოფიციალური გამოკითხვით იყო 4200/52-ზე, მხოლოდ 52-მა ადამიანმა გვითხრა – არა, დანარჩენმა გვითხრა რომ უნდა შევსულიყავით“, – განაცხადა CNews-სთან ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, პარტია თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად 7 ივნისს გაახმოვანებს.
„გუშინ იყო საბოლოო შეხვედრა, რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებთან, აი ახლაც კი, რაღაც საკითხებს გავდივართ და საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების უფლება ამიტომაც არ მაქვს, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანი ამნისტიის შესახებ კანონსაც შეეხო და განაცხადა, რომ „კანონი და სამართალი“ აღნიშნულ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს.
„ჩემთვის პირადად ამნისტიაზე ხელისმოწერა არის წყალგამყოფი, რა უფლება გვაქვს პოლიტიკოსებს, 20 ივნისს მოხდარი ტარგედია, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ვაქციოთ? ამიტომ ამნისტიას ხელს არ მოვაწერთ“,- განუცხადა CNews-ს თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც, შარლ მიშელის დოკუმენტზე, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, პარტია ,,კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, „ფეისბუქის“ გვერდზე პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.