ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია უარს ამბობს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლიდერებმა გააკეთეს.
“ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი: ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი მიღწეული იქნება უახლოეს პერიოდში.
ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაც არის საზოგადოებაში. ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ ვიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს”, – თქვა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ, პარტია გირჩმა და პარტია ევროპულმა საქართველომ.
ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, ლეგიტიმური არჩევნები.
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი “საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურ დამახინჯებასთან”.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.