საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს — წლიური ზრდა 14%-ია

https://on.ge/

მაისში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლიურად 14%-ით გაიზარდა და 551 638 ადამიანს მიაღწია — ეს ქვეყნის მოსახლეობის 14,8%-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები 153 394 ოჯახი სოციალური დახმარებით ირჩენს თავს.

შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • 0-18 წლის მოსახლეობა — 36%;
  • 19-40 წლის მოსახლეობა — 27%;
  • 41-65 წლის მოსახლეობა — 25%;
  • 66 და მეტი წლის მოსახლეობა — 12%;

რაც შეეხება ბიუჯეტს, მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 567 842 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 2 652 326 ლარით მეტია.

2020 წელს მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამისთვის 339 277 444 ლარი გაიცა, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის მდგომარეობით ბენეფიციარებისთვის 150 792 315 ლარია გადარიცხული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share