შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოზურგეთში “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო 1970 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 ივნისს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე “სოკარის” ბენზინგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, გადაჭრილი სანადირო თოფის – ე.წ. აბრეზის მუქარით ოპერატორს 135 ლარი გასტაცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს”,- წერია შსს-ს განცხადებაში. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.