პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლით “ნაციონალურმა მოძრაობამ” 7 თვიანი “ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაასრულა”.
თალაკვაძის თქმით, სანამ პარტია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ისინი მარგინალურ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიად რჩებიან.
“ნაციონალურმა მოძრაობამ 7-თვიანი უშინაარსო, ანტისახერლმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა, იმიტომ რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევნის უგულვებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს ისინი უკვე შემდეგი თვეების განმავლობაში პარლამენტში მიიღებენ.
მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია.
ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, სანამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ”,– თქვა თალაკვაძემ.