პარლამენტში ნიკა სულ სხვა დონის პოლიტიკოსი იქნება და სამშობლოსთვის სასარგებლო რაღაცეებს გააკეთებს-ანზორ მელია

7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ერთვება.

როგორც პარტიაში განმარტავენ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ისინი აგრძელებენ ბრძოლას და მმართველ გუნდს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.

როგორც თავად აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტის გარდა ყველა საკანონმდებლო ინიციატივასა და ცვლილებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

პარლამენტში შესული 33 დეპუტატიდან ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

როგორ აფასებს დეპუტატის მამა, ანზორ მელია შვილის გადაწყვეტილებას და რა მოლოდინი აქვს – ამ თემაზე ექიმს „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შევიდა, ბოიკოტს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული გახდა. იქ შესვლა იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩის აქციები, ან სხვა მეთოდი გამოყენებული აღარ იქნება.

გაიხედეთ, ყველა დარგი სულს ღაფავს, ამ მთავრობაში ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც სამშობლოს საკეთილდღეოდ რამეს გააკეთებს. მე არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ, მე ვარ კოალიციური პარტიის მომხრე. ერთმანეთს საქართველოსთვის კარგი საქმეების გაკეთებაში უნდა შეეჯიბრონ.

პარლამენტში ნიკა სულ სხვა დონის პოლიტიკოსი იქნება, განსხვავებული იმისგან, რაც წინა წლებში იყო. ნახავთ თქვენ როგორი იქნება, ის თავის თავზე მუშაობს. გააკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ გააერთიანოს და სამშობლოსთვის სასარგებლო რაღაცეები გააკეთოს“, – ამბობს ანზორ მელია.

მთავარი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share