რთულია, შეუძლებელია ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებში ვეძებო ლოგიკა და არა მგონია შესაძლებელი იყოს რომელიმე ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, „ნაცმოძრაობა“ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. „ამნისტიას არ ეთანხმები, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერ, მაინც შემოდიხარ. 7 თვე აჯანჯღარე ეს ქვეყანა. პანდემიის პერიოდში 7 თვის განმავლობაში ყველაფერი გააკეთე ქვეყნის დასუსტებისთვის. ეს იყო ომი. ომში ოპონენტები კი არა, ქვეყნის შიგნით მოსისხლე მტრები დგებიან ხოლმე ერთად და ებრძვიან საერთო მტერს. ეს ოკუპანტი იქნება, რაც მოხდა 2008-ში, თუ თანამედროვე გამოწვევა ვირუსის სახით, უხილავი მტერი. და მოხდა ჩვენთან? ამ მტერს დაემატა კიდევ ერთი მებრძოლი სახელმწიფოსთან. სახელმწიფოსთან, თავისი სამაჯურის მოხსნითა და გადაგდებით და კანონის წინააღმდეგ წასვლით. ქართულ სახელმწიფოსთან იბრძოლეს. ეს არ ვიცი მხოლოდ ჩემი შეფასებაა თუ არა, მე შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ გააკეთეს ასე? ეს ასე იყო თუ არა? თუ მე ვიგონებ ახლა ამასაც?“ – განაცხადა მდინარაძემ.
7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივიდნენ. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.