გერმანაიში დასაქმებულებს კვლავ პრობლემები აქვთ – ქართველების ერთ ჯგუფს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ ქართველების ერთ ჯგუფს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში დაადასტურეს. გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა.

„ფართო საზოგადოებისათვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების ერთ ჯგუფს, დამსაქმებლის მხრიდან არ დახვდათ შესრულებული ის პირობები რაც წინასწარი ინფორმაციით იყო ცნობილი. ქართული მხარე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ისევე როგორც ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის თანამშრომლები, პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული ამ საკითხების გადაჭრასა და გერმანულ მხარესთან კომუნიკაციის საკითხში. ამჟამად გამოსწორდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, საქმეში ჩაერთო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი მონიტორინგის უწყებები, რომლებმაც ადგილზე შეამოწმეს ქართველი მიგრანტების საცხოვრებელი პირობები, ასევე გაუწიეს მათ კონსულტაცია ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით.

მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, ქართული მხარე მაინც საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული ჯგუფის წევრების გადაყვანას სხვა დამსაქმებელთან, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზე არის. რაც შეეხება ორ პირს, ორივე მათგანი დაბრუნდა დამსაქმებელთან, ამჟამად იმყოფება ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარ საქციელს უწოდა „ნაჩქარევი“ და „ემოციურ ფონზე მიღებული”.

2021 წლის 14 აპრილიდან 8 ივნისამდე სულ გაემგზავრა 9 ჯგუფი 95 პირის შემადგენლობით“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share