მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა „დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ოპოზიციის ერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პიროვნების, მათ შორის მისი, ბედი.

„მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო ,რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელისაქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი. მე არ მივისწრაფი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ახლა ყველა უნდა კონცენტრირდეს „ოლიგარის მანიპულაციების“ წინააღმდეგ, რადგან მას ეს უსამართლობა არ შერჩეს. მისივე განცხადებით, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად მისი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, იპოვის საშუალებას საქართველოში შემოღწევის.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share