საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იწყება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი იწყება. პროკურატურა, სავარაუდოდ, პროცესზე ჩვენების მისაცემად 3 პოლიციელს მიიყვანს. ბრალდების მხარე ადვოკატებს მოწმეთა ვინაობას ისევ არ უმხელს.

“გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლევა, სამწუხაროდ, ცოცხალი თავით პროკურატურა არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და არ გვეუბნება რამდენიმე საათით ადრე კონკრეტულად რომელი მტკიცებულების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე, ესაა სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება”, – თქვა ადვოკატმა, გიროგი კონდახიშვილმა.

საქმის განხილვას ისევ არ დაესწრება ნიკა მელია, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

სახელმწიფო ბრალდებამ წინა სხდომაზე ოქროს მოწმე, “პოსტ ტვ”-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე წარმოადგინა. მასთან ერთად ჩვენება მისცეს სხვა სამართალდამცველებმაც.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share