მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
მიზეზი 1-ლ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფასების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ “ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე” გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.
1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. როგორც მან თქვა, არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი.