თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. შესაბამისი შუამდგომლობით მან სასამართლოს დღეს, 10 ივნისის სხდომაზე მიმართა.
“19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც გამოვხატეთ ნება. ერთი სიტყვით, ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო. ეს გარემოებები მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ის პასუხისმგებვლობა, რაც ავიღეთ, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში”, – თქვა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის სხდომაზე.
მანდატის შეწყვეტის სარჩელზე უარს არ ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მიუხედავად იმისა, რომ კორძაიას მსგავსად მანაც დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა, იგი სასამართლოში დავას აგრძელებს.
მანდატის შეწყვეტაზე უარი ზურაბ ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ თებერვალში გაასაჩივრეს. მაშინ, ზურაბ ჯაფარიძეს და 50 სხვა დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტს შესაბამისი განცხადებებით მიმართეს, ქართულმა ოცნებამ მანდატების შეწყვეტაზე უარი უთხრა.
ჯაფარიძემ თქვა, რომ მას დეკლარაციის შევსებაც მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმით დაემუქრნენ.
სხვადასხვა პარტიის 51 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და დეპუტატობაზე უარი თქვა.