სააკაშვილის “კაცი”, კობახიძის ახალი “სიბრძნე” და მდინარაძე-წილოსანის გალობა – გგონიათ, ნაპრემიერალი დაგლეჯს ჩვენს ნაცვლად ნარ-ეკალს?

“ფეისბუკ-საქართველოში” ისევ გრძელდება ინტენსიური შეტევა გახარიაზე. აქვე დავძენ, ვინმეს “გახარიისტი” არ ვეგონო – არც გახარიას იმედი მაქვს იმდენად, რომ გულზე ხელი დავიკრიფო და დაველოდო რძისა და თაფლის ზღვების კარზე მოსკდომას.
ძალიან სამარცხვინო სახელმწიფო გვაქვს. ვერ გეტყვით, რომ ინსტიტუციები ავაშენეთ. უფრო ხუხულასავით დავდგით და როდის წამოგვექცევა თავზე, არავინ იცის. ქართველების ნაწილი, კომუნისტები რომ წავიდნენ, ზვიადის იმედად დავდექით, მერე შევარდნაძეს დავუჩოქეთ სახალხოდ და საჯაროდ, შემდეგ მიშას შევყევით პარლამენტში ჩაის დასალევად, სულ ბოლოს, ბიძინას

ჯიბის იმედით სულ წავედით ხელიდან.

 

ახლა თუნდაც გახარია მოვიდეს, გგონიათ, ნაპრემიერალი დაგლეჯს ჩვენს ნაცვლად ნარ-ეკალს? გული მიკვდება, ამ ნამცეცა ქვეყანას უპატრონობის შთაბეჭდილების დატოვება უფრო რომ შეუძლია, ვიდრე პატრონიანისა. არც ერთ დროს არ მისურვებია, რომ მუქთა ლუკმა ჩამვარდნოდა ჯამში, მაგრამ შრომასა და მშრომელს დაფასება თუ არ

ექნება, ერთ მშვენიერ დღეს აბსოლუტური უმრავლესობა სოციალური სიზარმაცის ჭაობის ფსკერზე აღმოვჩნდებით და მერე თავს ზემოთ ხელის აწევა ვერ გვიშველის.

 

ისე, ჭაობია, აბა, რა ჯანდაბაა, როცა კობახიძეს დაახლოებით ასეთი ახალი “სიბრძნე” უთქვამს, – გახარიას იმიტომ არ უნდოდა მელიას დაპატიმრება, მიშასთანაა შეკრული და სააკაშვილის დასაბრუნებელ პლაცდარმს ამზადებდაო. ჰოდა, რატომაა ეს ყველაფერი უცნაური განცხადება, ეს უნდა ვთქვა გარკვევით.

 

თუ გახარიას ვინმეს ჩრდილქვეშ ყოფნა უნდოდა, იყო პრემიერი და მშვენიერი “ჩრდილი” ჰქონდა ბიძინას, რაღა მიშას ჩამოსაყვანად იწვალებდა? გარდა ამისა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ გიორგის გარანტირებული რეიტინგი ჰქონდა, როგორც სახელმწიფო მოხელეს, პოპულარულიც იყო და ჯამურად ერთად აღემატებოდა კობახიძე-თალაკვაძესა და “ნეოქოცურ სასტავს”. მოდი, ერთი რიტორიკული კითხვა დავსვათ: ვთქვათ და, ჩამოიყვანდა მიშას გახარია როგორღაც (ვთქვათ, ღრუბელ-ღრუბელ ფრენით), ჩამოაგდებდა ბიძინასეულებს ხელისუფლებიდან, მერე?.. თვალთხარიას რომ ეძახდა მთელი “ნაცობა”, მიშა შეარიგებდა მათთან და ნაცემი ბავშვივით კუთხეში დადგებოდნენ?.. ეს კიდევ არაფერი! კლავიატურის ლომ “ქოცებს” ვეკითხები, “ქართული ოცნების” რეიტინგის განმსაზღვრელი გახარიას ლანძღვაზე რომ გაქვთ ხსნილი, გახსოვთ, გახარია იყო #41-ის ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი და კიდევ პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი! მდინარაძის ლოგიკას თუ გავყვებით, მიშას ხელის ბიჭი ყოფილა გახარია და სააკაშვილის “კაცი” ამ თანამდებობზე გყავდათ?!. და კიდევ, ბიძინას რჩეული კვირიკაშვილი, ბახტაძე და გახარია თუ უვარგისები იყვნენ, რა გარანტია გვაქვს, “ნაცებთან” ერთად აგალობებული მდინარაძე, წილოსანი და სხვები ივარგებენ? მსხვილად ფქვაში მიშას გადაასწრეს უკვე “ქოცებმა” და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციაში არ მოვიდეს გახარია! ბუნებრივია, მიშასა და ბიძინას პოლიტიკური ძალები ერთად კარგად გრძნობენ თავს. რა საჭიროა ეს “მურმანის ეკალი” გახარია ამ სიამტკბილობაში? წილოსანი და მდინარაძე ისე კარგად მღერიან “ევრონაცებთან” ერთად, ვინც ჩვენზე ცუდი თქვას, გული გაუპოს დანამაო, და ვის უნდა ახლა დატკბილული ცხოვრების არევა?

“ნაცებს” გადაასხა წყალი ბიძინამ, როცა თქვა, არავითარი ჩემი პროექტი არაა გახარია, პირიქითაც ვიტყვი, რომ მან გვიღალატაო. ამით გამოდის, რომ ბიძინას პროექტი თუ არაა, “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეები მისდამი სიმპათიით განიმსჭვალებიან, ისევე, როგორც “ანტიქოცები”. კიდევ ერთსაც ვიკითხავ და ნუ მესვრით: ბატონო “ქოცებო”, რომ გაიძახით, გახარია “ოცნებას” წაართმევს ხმებსო, რამდენად ჯდება ეგ ლოგიკაში, თუ მიშას ტრფიალია? ანუ, მიშას პროექტს მიშას მოწინააღმდეგეები დაუჭერენ მხარს? ეგებ და, ამომრჩეველზე გაქვთ დაბალი წარმოდგენა?

პ.ს. მდინარაძეს დაახლოებით ასეთი რამ უთქვამს: პოლიტიკაში რაღაც ამბიციები თუ აქვთ, პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება ერთმანეთისგან გაარჩიონ და აღარ მოუწევთ პროკურატურაში სირბილი და განცხადებების წერაო. “ხარაშოოო”, მამუკა, დავიმახსოვრებთ მაგას!
https://www.kvirispalitra.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share