საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი twitter-ზე ქართულ ოცნებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
“ქართული ოცნება – თქვენ ჩააგდეთ დემოკრატიის ტესტი. ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!!!”,-წერს მარგველაშვილი.
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. დღეს, 3 ნოემბერს კი ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.
გამოვლინდა ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.