გლდანის ციხეში გიორგი რურუაზე ფიზიკურად თავდასხმის ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება – დღეს გამოიკითხება რურუა. ამასთან, მას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილიც, მოინახულებს.
ადვოკატიც და ოპოზიციაც დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობაა, დაწყებული გამოძიება კი ფორმალობა.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გიორგი რურუაზე თავდასხმა იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. მე მგონია, ციხის ადმინისტრაციამ ციხის კადრების გავრცელება იმისთვის გადაწყვიტა, რათა საზოგადოებას ეფიქრა, რომ მათ მოახერხეს, დროულად აღეკვეთათ თავდასხმა. ჩვენ უკვე ვაცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დღეს, 5 საათზე, მე მექნება ონლაინ-საუბარი დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. ველოდები ნებართვას, რომ მოვინახულო რურუა საპატიმროში”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი.
ამასთან, “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, გიორგი რურუას საქმეს არ გამოიძიებენ.
“გიორგი რურუა არის ივანიშვილის ტყვე – ეს საჭიროებს სამართლებრივ რეაგირებას. არ გვჯერა, რომ საქმე იქნება გამოძიებული, ყველაფერი დამთავრდება მას მერე, რაც ხელისუფლება შეიცვლება”, – ამბობს სერგი კაპანაძე.
თავის მხრივ, საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის, თქმით, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ არაფერი მოხდეს ისეთი, რაც გიორგი რურუას ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.
“წინასწარი განწყობა, რომ ასეთი ტიპის საქმეებს ვინმე სწრაფად და თანმიმდევრულად იძიებს, ძალიან დაბალია. ამის გამოცდილება საქართელოში, სამწუხაროდ, არსებობს”, – ამბობს სალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება