დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, ინციდენტის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განცხადება Gazzeta dello Sport-მა ფეხბურთელის აგენტის დახმარებით გამოაქვეყნა.
„გმადლობთ, არ დავნებდები. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ – მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ერიქსენის აგენტმა განმარტა, ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სურს უგულშემატკივროს თავის თანაგუნდელებს ბელგიასთან მატჩში.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. მოგვიანებით ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას გული გაუჩერდა.