ნამდვილი ამბავი, რომელიც ბახმაროში 90-იან წლებში მოხდა

გურიაში მომხდარი ძალიან სასაცილო, ნამდვილი ამბავი – თბილისელი მადონა გურიაში ჩავიდა და… ეს ამბავი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ბახმაროში. მოგეხსენებათ, მაშინ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა ბახმაროს დამსვენებელი მაინც არ აკლდა. იმ წელსაც ბევრი სტუმარი ჩამოვიდა თბილისიდან. ერთ-ერთი იყო ქალბატონი მადონა, რომელიც ყოველთვის აკურატულად გამოიყურებოდა. გარეთ ისე არ გამოვიდოდა, რაც რამ ძვირფასეულობა ჰქონდა, არ გაეკეთებინა. ასე იყო იმ დღესაც. სასეირნოდ გამოსული ქალბატონი მადონა ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა და მინდორში, მოშორებით მდგარ ფიცრულ ტუალეტს მიაშურა. მოგეხსენებათ, ხშირად ასეთი ტუალეტების კარი შიგნიდან არ იკეტება, ამიტომ იქ შესული ადამიანი იძულებულია, კარი ხელით დაიჭიროს. ასე მოიქცა მადონაც – ბეჭდებით დახუნძლული ხელით კარი დაიჭირა, თან ისე, რომ ყველა სამკაული გარეთ მოყვა. ჰოდა, მიადგა ვიღაც, ორი ბრილიანტის და სამი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი მოხსნა და სანამ მადონა მოწესრიგდებოდა და გარეთ გამოვიდოდა, ბანდიტს ჩოხატაურის მთები გადავლილი ჰქონდა. გაგიჟდა ქალი, შეყარა მთელი ბახმარო. თან ჰყვებოდა, ასე და ასე იყოო. ამ ამბავს შეესწრო ბახმაროში სახელგანთქმული ენაკვიმატი ჟორა. უსმინა ჟორამ, უსმინა და ძალიან სერიოზული სახით უთხრა: – შე ქალო, მაგდენი ბეჭდები თუ გეკეთა, ეგ ხელი გქონოდა შიგნით და საჯდომი გამოგეყო გარეთ, არ გერჩია?

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: